გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის შესახებ

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ავტორის სამაგისტრო დისერტაციის (2017) ფრაგმენტს.
XVI საუკუნე საქართველოს ისტორიაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო. 1555 წელს ამასიაში დაიდო ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და საქართველო ორმა იმპერიამ შუაზე გაიყვეს. იმერეთის სამეფო, სამეგრელოს და გურიის სამთავრო და სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. სპარსეთის შემადგენლობაში კი ქართლისა და კახეთის სამეფოები აღმოჩნდა.
სამხრეთ კავკასიაში, ირან-ოსმალეთს შორის მშვიდობის დამყარების შემდეგ ოსმალები შეუდგნენ მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების აღწერას. ამ ღონისძიების ძირითადი მიზანი რეგიონში ოსმალური მმართველობისა და საგადასახადო სისტემის შემოღება იყო. სწორედ ამ მიზნით იქნა შედგენილი 1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც. ოსმალები დავთარს იყენებდნენ, როგორც ოფიციალურ საბუთს, რომლის მიხედვითაც უნდა დაწესებულიყო საკომლო, სულადი და სამიწათმოქმედო გადასახადები.
დავთარს წამძღვარებული ჰქონდა კანუნ-ნამე, რომელშიც ფიქსირებული იყო ქვეყნის მოსახლეობის უფლება-მოვალეობანი საგადასახადო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით (ნოდარ შენგელია, 1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, თბ. 2016, გვ. 11). 1572/3 წლის კანუნ-ნამე ასახავს, სამცხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში XVI საუკუნის შუა პერიოდში არსებულ მდგომარეობას. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1572/3 წელს დაწერილ კანუნ-ნამეს, ბევრი რამ აქვს საერთო ოსმალეთის ვილაიეთების კანუნ-ნამეებთან. გურჯისტანის კანუნ-ნამე არ არის შედგენილი საგანგებოდ დაპყრობილი ქართული ტერიტორიებისთვის, იგი ექვემდებარება საერთო ოსმალურ კანონმდებლობას.
დავთარში დეტალურად არის გაწერილი ყველა სახის გადასახადი, რაც XVI საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა. ამდენად, 1574 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის“ დიდი დავთარი, როგორც ფისკალური მიზნით შედგენილი დოკუმენტი უმნიშვნელოვანესი წყაროა XVI საუკუნის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესწავლის საქმეში. სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის გარდა წყარო საინტერესოა დემოგრაფიულ-სტატისტიკური თვალსაზრისითაც. იგი მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა რეგიონში არსებული სასოფლო მეურნეობის ისეთი დარგების შესასწავლად, როგორიცაა: მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა და სხ. დავთარი, ასევე საინტერესოა: ისტორიული გეოგრაფიის, ონომასტიკის, დიპლომატიკის და ლინგვისტიკის თვალსაზრისითაც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოსმალური გადასახადები, რომელთა არსებობაც „გურჯისტანის ვილაიეთში“ კარგ წარმოდგენას გვიქმნის, იმ ეკონომიკური ექსპანსიის შესახებ, რომელსაც ოსმალეთი დაპყრობილი ტერიტორიების მიმართ აწარმოებდა.
1574 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის“ დიდი დავთრის ხელნაწერი შიფრით 525 დღეს სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში ინახება. 2016 წელს დავთრის ქართული თარგმანი სახელწოდებით „1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ გამოაქვეყნა პროფესორმა ნ. შენგელიამ. აღსანიშნავია, რომ არა ბ-ნი ნოდარის შრომა შეუძლებელი გახდებოდა ჩვენი პროექტის რეალიზებაც. რამდენადაც დავთარი 360 გვერდისგან შედგება და იგი ნაწერია ურთულესი სიაკათის ხელით მისი ამოკითხვა საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. აქვე ხაზი უნდა გაესვას ბატონი ნოდარის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართულ-ოსმალური ურთიერთობების შესწავლის საქმეში.
აღსანიშნავია ასევე 1594-95 წლის დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი : თარგმანი. თბილისი, 1941.), რომელიც 1941 წელს ოსმალურიდან ქართულად თარგმნა აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ. 1958 წელს მან გამოსცა გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური გამოკვლევაც.
დავთარი სტრუქტურულ საორგანიზაციო თვალსაზრისით თითქმის არ განსხვავდება 1574 წლის გურჯისტანის დიდი დავთრისგან. 1595 წლის დავთარში ოსმალებმა გურჯისტანის ვილაიეთი 8 ლივად დაყვეს, ესენია:
- ახალციხე
- ხერთვისი
- ახალქალაქი
- ჩილდირი
- ფოცხოვი
- პეტრე
- ფანაკი
- დიდი არტაანი
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1595 წლის დავთარი უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს. მოგეხსენებათ, ამასიის საზავო ხელშეკრულების თანახმად ირანმა და ოსმალეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან ერთად სამცხე საათაბაგოც ორად გაიყვეს. ოსმალეთს უფრო დიდი, საათაბაგოს სამხ. დასავლეთი ნაწილი ხვდა წილად, ხოლო ირანი ჩრდილო აღმოსავლეთი ნაწილის შედარებით მცირე ტერიტორიას დასჯერდა. 1574 წლის დავთარი ტერიტორიული თვალსაზრისით, სწორედ ამ ვითარებას ასახავს. მოგვიანებით, 1578 წლისთვის ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად აქ მუსტაფა ლალა-ფაშამ ილაშქრა. ლაშქრობის შედეგად ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია სრულიად დაიპყრეს. სწორედ ამ დროს დაპყრობილი ტერიტორიები შედის 1595 წლის უფრო ვრცელ დავთარში.
1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც 2009 წელს გამოიცა. დავთარი მნიშვნელოვანი წყაროა ისტორიული გეოგრაფიის, ონომასტიკის, სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ლინგვისტიკის თვალსაზრისით.
დავთრის სტრუქტურა
დავთარში არსებული ფისკალური ინფორმაცია, სტრუქტურულ-საორგანიზაციო თვალსაზრისით ემყარებოდა ვილაიეთის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ მოწყობას. აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის იმპერიის არსებობის თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე დამახასიათებელი იყო დავთრების სწორედ ასეთი პრინციპით შედგენა.
XVI საუკუნის მეორე ნახევარში სამხრეთ საქართველოს დაპყრობისთანავე ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო სხვადასხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყვეს. „გურჯისტანის ვილაიეთის“ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა კი ასე გამოიყურება:
- „გურჯისტანის ვილაიეთი“ (ყველაზე მსხვილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული)
- სანჯაყი (ლივა)
- ნაჰიე (რაიონი)
- სოფელი
- ნაჰიე (რაიონი)
- სანჯაყი (ლივა)
როგორც სქემაზე ვხედავთ ყველაზე მსხვილი ტერიტორიულ ადმინისტრაციული ერთეულია „ვილაიეთი“, მას მოსდევს სანჯაყი (ლივა). მაგალითისთვის, 1574 წლის დავთარში სულ 4 ლივაა, ესენია: თორთუმის, ოლთის, დიდი არტაანისა და არტანუჯის. ლივა შედგებოდა რამდენიმე ნაჰიესაგან, რომელიც უფრო მცირე მოცულობის ტერიტორიული ერთეული იყო. 1574 წლის დავთრის თანახმად დიდი არტაანის ლივა შედგებოდა 6 ნაჰიესაგან, ესენია: მზვარეს, ჩრდილის, ტყიანი, ქიამხისის, ფანაკის და ფანასკერტის ნაჰიეები. ნაჰიეები კი თავის მხრივ სოფლებისგან შედგებოდნენ, რომლებიც დავთრის თანახმად ყველაზე მცირე ტერიტორიულ ერთეულებს წარმოადგენდნენ. მაგალითისთვის, ხსენებული მზვარეს ნაჰიე 57 სოფელს ითვლიდა. სოფელი, ჩამოთვლილთაგან ყველაზე საინტერესო ტერიტორიული ერთეულია. სწორედ თითოეული სოფლისთვის ცალ-ცალკე არის დაანგარიშებული ის ოსმალური გადასახადები, რომლის გადახდაც მოსახლეობას უწევს.
„1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის დიგიტალური გამოცემა“ ინოვაციური ნაბიჯია გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესწავლის საქმეში. პროექტი საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების სურათი გურჯისტანის ვილაიეთში მოხსენიებული თითოეული დასახლებული პუნქტისთვის, რაც სამომავლოდ შეიძლება გახდეს უფრო ვრცელი შედარებითი კვლევების საფუძველი, როგორც იმდროინდელი საქართველოს, ასევე ნებისმიერი ევროპული თუ აღმოსავლური ტიპის დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესწავლისას. კიდევ ერთი განსაკუთრებული ღირსება, რომელიც ასეთი ფორმით ორგანიზებულ ინფორმაციას აქვს, ესაა მონაცემთა დამუშავების მაღალი საიმედოობა და დროის ეკონომია, რომელიც მკვლევრისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ასეთი ტიპის ბაზებთან მუშაობას.
წყაროს სტრუქტურულ-საორგანიზაციო თვალსაზრისით შესწავლამ ცხადყო, რომ ის უმნიშვნელოვანესი რესურსია XVI საუკუნის დემოგრაფიის შესასწავლად. სოფლის ტიპის თითოეული დასახლებული პუნქტისთვის ჩამოთვლილი კომლის უფროსი მამაკაცების სია, სრულიად უნიკალური წყაროა, როგორც ონომასტიკური ისე დემოგრაფიული თვალსაზრისით. ბაზა მკვლევარს საშუალებას აძლევს აღადგინოს რეგიონის სრული დემოგრაფიული სურათი, როგორც მთლიანად ვილაიეთის ასევე ცალკეული დასახლებული პუნქტების მიხედვით. დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ის გადასახადები, რომლებსაც ესა თუ ის სოფელი იხდიდა. გადასახადებიდან გამომდინარე კი შეგვიძლია აღვადგინოთ თუ რა ტიპის სასოფლო სამეურნეო საქმიანობას მისდევდნენ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებსა და „რაიონებში“.
ციტირება:
გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის შესახებ. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. დიგიტალური გამოცემა. 2019. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ხელმისაწვდომია: წვდომის თარიღი: